ხაჭაპურის ინდექსი

იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები რეკორდულად გაიზარდა – ერთ წელში 31%-ით

flickr.com

ISET-PI-ს ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, 2022 წლის აპრილში იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ხარჯებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია და, საშუალოდ, 5.86 ლარი შეადგინა.

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხაჭაპურის მომზადების ხარჯები 30.7%-ითაა გაზრდილი, გასულ თვესთან შედარებით კი – 0.4%-ით.

ხაჭაპურის ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 12.8%-ია. გასულ წელთან შედარებით ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, კერძოდ, ფქვილი (+41.1%), კვერცხი (+29.7%), ყველი (+24.8%), კარაქი  (+23.8%), რძე (+12.4%) და საფუარი (+15.1%).

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

კომენტარები