ხაჭაპურის ინდექსი

ხაჭაპურის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა, მიზეზი ინგრედიენტების გაძვირებაა

flickr.com

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარამდე გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ინდექსი 5.5%-ით გაზრდილი, თუმცა წლიურად, ანუ 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 6.9%-ით არის შემცირებული.

"წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.

ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველის ფასი (+8.3%), რომელსაც მოყვება შემდეგი ინგრედიენტები: საფუარი (+5.9%), კარაქი (+3.5%), რძე (+2.6%), ფქვილი (+0.4%) და კვერცხი (+0.3%)". - აღნიშნავს ISET-PI.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მითითებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში (6.66 ლარი), ყველაზე იაფი კი ბათუმში (6.39 ლარი) ჯდება. ნოემბერში ყველის ფასი ყველაზე მეტად სწორედ ქუთაისში (+14.3%) და ასევე, თელავში (+12.7%) გაიზარდა.

ISET-PI აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველის ფასის ზრდაა მოსალოდნელი. 

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს.  ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 0.8%-ია. 
 

კომენტარები