ხაჭაპურის ინდექსი

ხაჭაპურის მომზადების ხარჯები 10 წელში თითქმის გაორმაგდა, წინა წელთან - 7.3%-ით შემცირდა

flickr.com

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) კი - 7.3%-ით არის შემცირებული.

"ტრადიციულად, საშობაო და საახალწლო სუფრისთვის მზადების პერიოდში ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რასაც დღესასწაულების თანმდევი მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. 2023 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: რძე – 1.3%, კარაქი – 1.2%, ფქვილი – 1%, ყველი – 0,2%. მაშინ, როცა საფუარისა (-5.3%) და კვერცხის (-0.2%) ფასები შემცირდა.

წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ძირითად ქალაქებში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა თელავში (-12.4%), შემდეგ – თბილისში (-6.9%), ქუთაისსა (-5.2%) და ბათუმში (-4.3%)" - წერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი.

ამასთან, 2014-2023 წლების მონაცემებიდან ჩანს, რომ 2023 წლის დეკემბერში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასი თითქმის გაორმაგდა და 3.66 ლარიდან 6.48 ლარამდე გაიზარდა.

ხაჭაპურის მომზადება ყველაზე იაფი (3.61 ლარი) 2016 წლის დეკემბერში ღირდა, ყველაზე ძვირი (6.99 ლარი) კი, 2022 წლის დეკემბერში.

"აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2018 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინდექსის შემცირება, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კლებაა (-7.3%) ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს წლიური ცვლილება შეიძლება 2022 წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო განვითარებულ მოვლენებს მივაწეროთ, რის გამოც გასული წლის განმავლობაში ინდექსის ინგრედიენტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. შედეგად, 2023 წლის ვარდნა წინა წლის ფასების უპრეცედენტო ზრდის შემდეგ ნორმალიზების მანიშნებელია" - აღნიშნავს ISET-PI.

კომენტარები