ხაჭაპურის ინდექსი

იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები ერთ წელში 27.3%-ით გაიზარდა

flickr.com

ISET-PI-ს ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.90 ლარი იყო. ეს 4.9%-ით მეტია 2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე და 27.3%-ით მეტია 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

2021 წლის ნოემბერთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია. ISET.PI აღნიშნავს, რომ წლის ამ დროს ინდექსს ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რასაც რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს.

"ამ სეზონზე რძის წარმოება იკლებს და მოთხოვნა იზრდება იმპორტირებულ რძის ფხვნილზე, რომელიც რძის შემცვლელად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში: ყველი – 35.2%-ით, ფქვილი – 19.9%-ით, კარაქი – 19.8%-ით, საფუარი – 15.1%-ით, კვერცხი – 10.1%-ით.

ფასების წლიური ზრდა მეტწილად საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებმა განაპირობა: რუსეთის ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სტაბილურობასა და არსებული მდგომარეობის მიმართ გაურკვევლობაზე, რაც გლობალურად მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნაზე აისახა. რძის სექტორისთვის ინგრედიენტების დეფიციტი და წარმოების საშუალებების ხარჯების ზრდა სერიოზული გამოწვევაა. ომის ფონზე პირუტყვისთვის საჭირო საკვების წარმოების შემცირებამ გამოიწვია წარმოების ხარჯების ზრდა. მეტიც, ენერგეტიკული დანახარჯების ზრდამ, რამაც, თავის მხრივ, სასუქების ფასებზეც იმოქმედა, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობა" - წერს ISET-PI.

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს.  ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 10.4%-ია 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

კომენტარები