რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს – უნგრეთის ელჩი

Frederick Florin / AFP

უკრაინაში უნგრეთის ელჩის, იშტვან იჯარტოს თქმით, უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ უნგრელმა დიპლომატმა Эспресо-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ასევე ვთავაზობ, რომ მომავალზე ვიფიქროთ. ახლა უკრაინას უჭირს საქონლის ტრანსპორტირება ექსპორტისთვის, რადგან ოკუპაციის გამო ბევრი საზღვაო პორტი მიუწვდომელია. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნების გამოყენებაში". – თქვა იჯარტომ.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ევროკავშირში უნგრეთია. პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს, ისეთი ფორმით, როგორც ახლა განიხილება, ქვეყანა მხარს "ვერ დაუჭერს". ორბანის თქმით, ეს უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება.

4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოს დღეებში შეთანხმდება და გასაჯაროვდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება.

ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები