ოკუპირებული ცხინვალი

საგარეო: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს

ალან გაგლოევი
TASS

საქართველოს საგარეო სამინისტრო გმობს 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. სამინისტრო აცხადებს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დათვლილია ხმათა 85%. ლიდერობს პარტია ნიხასის ლიდერი, ალან გაგლოევი. 

მოქმედმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ალან გაგლოევს უჭერდა.

არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა.

კომენტარები