გახარია საქართველოსთვის რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებულ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ, პარლამენტში რეზოლუციის პროექტს აინიცირებს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
"ხვალ 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და, სამწუხაროდ, ამ სიმბოლურ დღეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე კვლავ ხელისუფლების დუმილით ვხვდებით. სწორედ ამიტომ, დღეს პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულება“ არის რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგი, უკიდურესად სახიფათო ეტაპი, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აგრესიული აქტია, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებული რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროების რუსეთის ფედერაციასთან სრულ ინტეგრაციას. ყველაზე მძიმე და საგანგაშო კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე ოცნების ხელისუფლება სდუმს.
ამ პირობებში, საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ სივრცედ, მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას. ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინეტრესების დასაცავად. ამიტომაც, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უმოქმედობა, აღადგინოს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან რეალური თანამშრომლობა, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ. დღეს, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ მკაფიო და პრინციპულები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე". - თქვა კერესელიძემ.
13 მაისს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის კანონი მიიღო.
თავად დოკუმენტს პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.




