ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ალან გაგლოევი იგებს

ალან გაგლოევი
TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დათვლილია ხმათა 85%. ლიდერობს პარტია ნიხასის ლიდერი, ალან გაგლოევი. 

გაგლოევს დათვლილი ხმების 53.67% (14 505 ხმა) აქვს აღებული, ოკუპირებული რეგიონის მოქმედ მარიონეტ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს კი – 41.3% (11 099). 

ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა.

"ვთვლი, რომ არჩევნები შედგა, რეზულტატი ყველამ იცით. ალან ედუარდოვიჩს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის საკეთილდღეოდ, წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა". – თქვა ბიბილოვმა. 

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ალან გაგლოევს უჭერდა.

არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა.

კომენტარები