რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: პენტაგონი უკრაინისთვის ლაზერული დამიზნების რაკეტებსა და სადაზვერვო დრონებს შეიძენს

Manuel Serrano/I MEF Information Group

Washington Post-ის ინფორმაციით, პენტაგონი უკრაინისთვის დამატებით $136 მილიონის ღირებულების საჰაერო ხომალდებს, ლაზერულად მართვად რაკეტებს, ბინოკლებსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებს ამერიკული კერძო კომპანიებისგან შეიძენს.

სამხედრო ტექნიკისა და ზემოთ აღნიშნული აღჭურვილობების ტიპები აქამდე უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღებისგან განსხვავებულია. დახმარების ახალი რაუნდი $22.6 მილიონის ღირებულების 70 მილიმეტრიანი ლაზერული დამიზნების რაკეტებსა და Puma-ს ტიპის სადაზვერვო დრონებს მოიცავს. 

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, ბილ ლაპლანტის თქმით, კონგრესმა პენტაგონს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად დამატებით $300 მილიონი გამოუყო. 

"მოლაპარაკებებს სამხედრო ინდუსტრიასთან ყოველდღიურად ვაწარმოებთ, ვინაიდან მოთხოვნები და საჭიროებები იცვლება. რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ადმინისტრაცია მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს". - თქვა ლაპლანტმა. 

Washington Post-ი წერს, რომ პენტაგონის მიერ აშშ-ს კერძო სამხედრო ფირმებისგან შეძენილი ტექნიკა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს გააფართოებს. მათ შორისაა მაღალი სიზუსტის რაკეტებიც, რომლებიც შედარებით იაფ საფრენ მოწყობილობებსაც უმაგრდება.

პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, Switchblades ტიპის დრონების გამოყენებისთვის სამხედროებს სპეციალურ გადამზადება არ დასჭირდებათ, მეტიც, მათ უკვე აჩვენეს ეფექტურობა უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ.

ასევე, პენტაგონის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Puma-ს ტიპის სადაზვერვო დრონებმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესონ უკრაინის სადაზვერვო შესაძლებლობები.

ლაპლანტი უკრაინისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით იმ კონკრეტულ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომელსაც პენტაგონი სამხედრო აღჭურვილობის შერჩევისას ითვალისწინებს. მისი თქმით, როდესაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავენ იმას, თუ რომელი იარაღი გაგზავნონ უკრაინაში, ისინი მხედველობაში იღებენ თუ რამდენად მარტივია სპეციალიზებული წვრთნის გარეშე უკრაინელებისთვის ასეთი სისტემების მართვა, ან რამდენად გართულებულია აღჭურვილობის კომპონენტების ექსპორტი და ა.შ.

ასევე, უახლესი ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს. 28 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. აქამდე, 7 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ს სენატმა. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის არამხოლოდ $33-მილიარდიანი დახმარების გამოყოფა, არამედ რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა და რუსეთის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც სთხოვა.

გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა გერმანიაში უკრაინელი ჯარისკაცებისა და ინსტრუქტორების გადამზადება დაიწყო იმისთვის, რათა მათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკის გამოყენება შეძლონ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

აშშ-მ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინას ჯამურად 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. Switchblades-ისა და ახალი Phoenix Ghost-ის გარდა, აშშ-მ უკრაინას მიაწოდა Stinger-ის საზენიტო რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები, Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და ყუმბარა.

კომენტარები