რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთი ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის აკრძალვას მხარს არ დაუჭერს

Reuters

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი ევროკავშირის წინადადებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ მხარს არ უჭერს.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სიიარტომ აღნიშნა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში უნგრეთის ენერგომომარაგება "სრულად განადგურდება“. მისი თქმით, უნგრეთის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნავთობის მოპოვება შეუძლებელი იქნება.

4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოს დღეებში შეთანხმდება და გასაჯაროვდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება. მისივე თქმით, ნედლი ნავთობპროდუქტები ექვს თვეში ამოიწურება და 2022 წლის ბოლოსთვის რაფინირებული პროდუქტებით ჩანაცვლდება.

ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ. შედეგად ორივე ქვეყანა ჩაერთვება ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოში.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ამ ქსელიდან რუსეთის გათიშვა უდიდეს ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. ეს ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები