რუსეთი-იაპონია

მოსკოვმა იაპონიის პრემიერსა და ქვეყნის 62 მოქალაქეს რუსეთში ჩასვლა აუკრძალა

ფუმიო კიშიდა

მოსკოვმა იაპონიის 62 მოქალაქესა და პრემიერმინისტრს, ფუმიო კიშიდას დაუწესა სანქციები, რომელთა მიხედვითაც მათ რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიის პრემიერს ბრალს სდებს რუსეთის მიმართ "მიუღებელ რიტორიკასა" და "მუქარაში", ასევე რუსეთისთვის ზიანის მიყენების განზრახვებში.

"ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ დაიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაუშვა მიუღებელი რიტორიკა, მათ შორის ცილისწამება და პირდაპირი მუქარა. ამას ემსახურებიან იაპონიის საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომლები ჩვენი ქვეყნისადმი დასავლეთის დამოკიდებულების მიმართ სრულად მიკერძებულები არიან. ამ კურსის შესაბამისად, ტოკიო იღებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი კეთილმეზობლური კავშირების დემონტაჟისკენ, რუსეთის ეკონომიკისთვისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენებისკენ". – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახსენები ბრალდებების შესაბამისად, მოსკოვმა იაპონიის 63 მოქალაქეს, პრემიერი კიშიდას ჩათვლით, რუსეთში ჩასვლა აუკრძალა. 


ტოკიოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. ტოკიოს სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

მოლაპარაკებების შეწყვეტის პარალელურად, რუსეთმა იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემა შეწყვიტა, დატოვა ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებული საუბრები და დაბლოკა იაპონიის პარტნიორის სტატუსი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამშვიდობო მოლაპარაკებებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კონსესუსამდე მაინც ვერ მივიდოდნენ.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მოლაპარაკებების შეწყვეტას უსამართლო და მიუღებელი უწოდა

იაპონიის ზღვაში რუსეთის სამხედრო აქტიურობის გაზრდის შემდეგ, ტოკიო სადაზვერვო მუშაობას აძლიერებს.

"იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად". – თქვა კიშიდამ.

ამას გარდა,  იაპონიის დიპლომატიური კურსის ცვლილება გამოიხატა პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას სიტყვებშიც, რომელმაც რუსეთთან სადავო სამხრეთ კურილის კუნძულებს იაპონიის "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა. უკვე აპრილში კი იაპონიამ ეს კუნძულები, რომელთაც თავად ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებენ, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად გამოაცხადა.

უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხის ზრდის ფონზე, იაპონიის მმართველ პარტიას თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება და დოკუმენტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა სურს.

კომენტარები