რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქები: ავდიივკა, ვუჰლედარი, ლიმანი და ოჩერეტინის დასახლება დაბომბეს. ოკუპანტების იერიშებმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აგრეთვე, დაიჭრა 2 პირი და დაზიანდა 8 სახლი. ამისშესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსები აგრძელებენ დასახლებულ პუნქტებზე იერიშების მიტანას. მსხვერპლის, დაჭრილებისა და დაზიანებული შენობების შესახებ ზუსტი ინფორმაციის დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. დიდი სიფრთხილით ვიწერთ ჩვენს მიწაზე რუსების მიერ ჩადენილ ყველა ომის დანაშაულს". - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები