რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: უკრაინასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს საქართველოსა და მოლდოვას დახმარება

ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან, აღარ "დაუშვას მსგავსი შეცდომა", ამიტომ საჭიროა, უკრაინასთან ერთად გაძლიერდეს საქართველოსა და მოლდოვას დახმარება. 

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინასთან ერთად დასავლეთ ბალკანეთისა და ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო აქვთ საკმარისი შესაძლებლობები და გამძლეობა, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნონ თავისუფლება". - თქვა ლიზ თრასმა სიტყვით გამოსვლისას. 

ლიზ თრასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორია, ქვეყნებმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარი რუსეთის პროვოცირების შიშით თქვან, რადგან, მისი თქმით, უმოქმედობა ყველაზე დიდი პროვოკაციაა. 

"მართალია, დიდი ბრიტანეთი ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე აგზავნიდა იარაღს და ატარებდა წვრთნებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ მსოფლიოს მეტი უნდა გაეკეთებინა შეჭრის შესაჩერებლად და ჩვენ მსგავს შეცდომას აღარასდროს არ დავუშვებთ. ზოგი მიიჩნევს, რომ არ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მძიმე იარაღი იმ შიშით, რომ ეს რუსეთის უარესს პროვოცირებას გამოიწვევს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა უმოქმედობაა ყველაზე დიდი პროვოკაცია".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები