რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქები და სოფლები დაბომბეს. აგრესორის იერიშებმა გაანადგურა და დააზიანა სახლები, აგრეთვე სკოლის შენობა. არის მსხვერპლიც. ქალაქ პრივილიაში 68 წლის მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზე მაშინ დაიღუპა, როდესაც რუსების მიერ ნასროლი ბომბი მისი კერძო სახლის ეზოში დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"მტერმა ცეცხლი გაუხსნა სკოლის შენობას, რომლის სარდაფშიც 23 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის, ბავშვები. საბედნიეროდ, იქ გარდაცვლილები არ გვყავს. აგრეთვე, მაშველებმა 7 სრულად განადგურებულ სახლს მიაგნეს, დაზიანებულების რაოდენობა კი გაცილებით დიდია. რუსები ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ისვრიან და მათ სამიზნეებს უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული პუნქტები წარმოადგენს"- წერს გაიდაი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები