რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლებიდან ოკუპანტები განდევნეს – სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი წერს, რომ ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს - რუსი ოკუპანტები სამი დასახლებული პუნქტიდან განდევნეს და პოზიციები დაიკავეს. 

"ფრონტის ხაზიდან სასიხარულო ამბავი გვაქვს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით ჩაატარეს კონტრშეტევა, შეტევითი ოპერაციები მტრის წინააღმდეგ გუშინ დილიდან წამოიწყეს. სასტიკი ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენმა ნაწილებმა რუსული ჯარი განდევნეს ბეზრუკის, სლატინოს, პრუდიანკას დასახლებებიდან და პოზიციები დაიკავეს!" - წერს სინეგუბოვი.  

სინეგუბოვის ინფორმაციით, ოკუპანტების შეტევის შედეგად ოლქში 19 ადამიანი დაიჭრა, 2 კი დაიღუპა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები