უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონში ოკუპანტების სამეთაურო შტაბი დაბომბეს. ამასთან ერთად, მისივე ცნობით, შეტევისას ადგილზე რუსეთის ფედერაციის, დაახლოებით, 50 ოფიცერი იყო. არესტოვიჩის კომენტარს უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს.
"რაც შეეხება კარგ ამბებს, ჩვენ ხერსონის ოლქში რუსეთის მოწინავე სამეთაურო შტაბი დავბომბეთ. იქ 50-მდე მაღალი რანგის ოფიცერი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია, მაგრამ ძლიერი აფეთქება იყო". - თქვა არესტოვიჩმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ოკუპანტები ერთ დღეში ზაპოროჟიესა და იზიუმის მიმართულებით "ორიოდე კილომეტრით" წინ წავიდნენ.
"საკითხავია, წინ წავიდნენ იმიტომ, რომ უკრაინელები დაამარცხეს, თუ უკრაინის ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს და ისინი შემოუშვეს? ეს ყველაფერი კილომეტრიანი წინსვლაა, რომელიც რუსეთის ოპერაციის მიზნებს არ შეესაბამება". - თქვა არესტოვიჩმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





