რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: ეს ომი არ არის, ეს ტერორიზმია

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ტერორიზმს შეადარა. მისი თქმით, ომის დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

"ეს ომი არ არის, ეს ტერორიზმია“. - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა კიევში გამართულ კონფერენციაზე.

13 აპრილს პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ერთად ჩავიდნენ.

7 აპრილს, ანდჟეი დუდამ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი უწოდა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები