რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალები: პარტნიორების ახალი თვითმფრინავები არ მიგვიღია, მივიღეთ ნაწილები

უკრაინის საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორებისგან საფრენი აპარატების ნაწილები მიიღეს, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. 

"უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია. აშშ-ს მთავრობის დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა საჰაერო ფლოტის აღდგენისა და სარემონტო სამუშაოებისთვის მიიღეს საფრენი აპარატების სათადარიგო ნაწილები". – წერია ურკაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

აქამდე, პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ საჰაერო ფლოტის გასაზრდელად თვითმფრინავები და სათადარიგო ნაწილები მიიღო.

"უკრაინამ საჰაერო თავდაცვის გაზრდისთვის დამატებით საჰაერო ხომალდები და საჰაერო ხომალდების ნაწილები მიიღო. ამით დავასრულებ, მეტს არაფერს ვიტყვი". – თქვა ჯონ კირბიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები