რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სამხედრო დახმარების ნაწილის უკრაინაში ჩატანა დაიწყეს – CNN

U.S. Army photo by Spc. Craig Jensen

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის უკრაინაში ჩატანა დაიწყეს. ინფორმაცია CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაუდასტურა

13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას მიაწვდის. 

აშშ პირველად დათანხმდა, რომ კიევს მიაწოდოს ისეთი მაღალი სიმძლავრის შესაძლებლობის მქონე სამხედრო ტექნიკა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი ესკალაციის საფრთხედ აღიქვამდა. დახმარების პაკეტში შედის საბჭოთა წარმოების Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენები, ჰაუბიცები და Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატები.

$800 მილიონის ღირებულების დახმარება გაზრდის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ $2.4-მილიარდიანი (აქედან 1.7 ომის დაწყების შემდეგ) სამხედრო დახმარებას.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გათვალისწინებით, უკრაინამ აშშ-გან ომის დაწყების შემდეგ $2.5-მილიარდიანი დახმარება მიიღო. 

რამდენიმე დღის წინ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინის შეიარაღებას არ შეწყვეტდა, ამას "არაპროგნოზირებადი შედეგები" მოჰყვებოდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები