სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 1.5% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 1.4%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 5%-ით გაიზარდა. განათლება 3.6%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.9%-ით, ტრანსპორტი 11%-ით, ჯანდაცვა კი - 0.3%-ით.
საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე შემცირდა - 4.4%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.3%-ით გაიაფდა, დასვენება-გართობა-კულტურა 2.7%-ით, კავშირგაბმულობა 1.8%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი კი - 1.9 %-ით.
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.6%-ით, რაც 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (21.9%), დაზღვევაზე (3.9%) და პირად ჰიგიენაზე.
საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-12.6%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-7.9%), პურსა და პურპროდუქტებზე (-7.6%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-4.5%-ით).
ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (37.9%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (4.3%), ყავა-ჩაი-კაკაოზე (3.9%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (2.6%) და თევზეულზე (0.8%).