რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

Drew Angerer / Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.

"უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენ გადავეცით. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, აშშ უკრაინას თავდაცვის იარაღს მიაწვდის" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

უახლესი პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმავე ტიპის აღჭურვილობას, რასაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა. 

ახალი აღჭურვილობა საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს მოიცავს. ბაიდენის თქმით, უკრაინას დამატებით შვეულმფრენებიც გადაეცემა. 

"ამერიკელი ხალხი ბოლომდე მამაცი უკრაინელების გვერდით იდგება თავისუფლებისთვის ბრძოლაში". - წერს ბაიდენი განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები