რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება – WASHINGTON POST

უკრაინელ სამხედროს გადააქვს ჯაველინის სარაკეტო სისტემა ფრონტის ხაზზე, ჩრდილოეთ კიევის რეგიონში, უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი
REUTERS/Gleb Garanich

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინის შეიარაღებას არ შეწყვეტს, ამას "არაპროგნოზირებადი შედეგები" მოჰყვება. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

"მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო შეიარაღება, რადგან, ეს თავის თავში გულისხმობს, არაპროგნოზირებად შედეგებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის". - ციტირებს გამოცემა რუსეთის მხარის სიტყვებს დიპლომატიური ნოტიდან. 

დიპლომატიური ნოტა 12 აპრილით თარიღდება. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებდა. დოკუმენტს, WP-ს ცნობით, "კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მასიურ მიწოდებაზე რუსეთის შეშფოთების შესახებ" ჰქვია. 

13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას მიაწვდის. 

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ $1.7 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია. სამხედრო დახმარება მოიცავდა თავდაცვითი საზენიტო სტინგერსა და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს, ასევე საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები