ფულადი გზავნილები

EU-დან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 13.07%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 13.07%-ით გაიზარდა. გასულ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 86.12 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 44.61%-ს შეადგენს. კვლავ პირველ ადგილზეა იტალია, საიდანაც მარტში 36.5 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ფულადი გზავნილების ათეულშია კიდევ ევროკავშირის სამი ქვეყანა (საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი), ხოლო ოცეულში - ევროკავშირის ცხრა ქვეყანა შედის (იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი, ნიდერლანდები).

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.6%-ით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები