აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

ხოშტარია აშშ-ზე: საგანგაშოა, დემოკრატიის ყველა კომპონენტში უმძიმესი შეფასებები გვაქვს

დროა

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამერიკის შეერთებული შტაბების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც გუშინ, 12 აპრილს გამოქვეყნდა, საგანგაშოს უწოდებს, რადგან დემოკრატიის ყველა კომპონენტი მძიმედაა შეფასებული.

ხოშტარიას თქმით, ქართული საზოგადოებისთვის ეს სიახლე არ არის და ყველა ამ საკითხზე წლებია საზოგადოება მძლავრ პროტესტს გამოხატავს. თუმცა, მისივე თქმით, ახალა ამ ყველაფერს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შეფასებაში ერთად თავმოყრილს ვხედავთ.

"ანგარიშში გვხვდება 2020-2021 ის არჩევნების კრიტიკა. პოლიტიკური დევნის პრაქტიკა. ძალიან დეტალურად გაწერილი და სახელობითად ჩამოთვლილი: სააკაშვილის, ე.წ. კარტოგრაფების, გიორგი რურუას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეები.

აღნიშნულია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ძალადობისა და ადამიანის უფლებების, მათ შორის აქტივისტების უფლებებს დარღვევის შემთხვევები. ასევე შეკრების თავისუფლების დარღვევის შემთხვევები.

ცალკე გამოსაყოფია ჟურნალისტებზე, როგორც პოლიტიკური, ისე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა. პოლიტიკური თავდასხმის ნაწილში, ქართული ოცნების წარმომადგენლების ციტატებიც კია მოყვანილი. დოკუმენტში საუბარია კომუნიკაციებს ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საეჭვო ურთიერთობების შესახებ.

რა თქმა უნდა, ცალკე აღსანიშნია ლექსო ლაშქარავას საქმე, რომლის შესახებაც პირდაპირ წერია, რომ მკვლელობის მიზეზების გამოძიების ნაცვლად, სახელმწიფო დაკავდა ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციით. ეს ის ამორალური მომენტია ჩვენს ისტორიაში, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება.

ანგარიშში შეხვდებით ომბუდსმენზე თავდასხმის ფაქტებსაც. პრაქტიკულად, ჩვენი დემოკრატიის დეგრადაციის მთელი პროცესია აღწერილი ამ დოკუმენტში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის განმსაზღვრელი კითხვარის შინაარსია ამ ანგარიშში მოყვანილი. ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მთავრობის პირობებში, ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა არის საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რა დევს დღეს სასწორზე.

იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, როდესაც დასავლეთი ერთი მხრივ მობილიზებულია, რომ რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება დამყარდეს და მეორე მხრივ არის ძალიან მკაცრი ოლიგარქიული მმართველობისა და დემოკრატიული დარღვევების მიმართ, საქართველოს შესახებ გაკეთებული ასეთი შეფასებები დიდ შეფერხებას და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისთვის". – ამბობს ელენე ხოშტარია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემებზე, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად.

შეჯამებაში ასევე ხაზგასმულია კონფიდენციალურობის უკანონო დარღვევის პრობლემა, ძალადობა და მუქარა ჟურნალების მიმართ, მშვიდობიანი დაჯგუფებებისა და გაერთიანებების შეზღუდული პატივისცემა, დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარას ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ქვიარ, ინტერსექს ადამიანებისა და აქტივისტების მიმართ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში რიგი დანაშაულების გამო დაუსჯელობა პრობლემად რჩება.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე საუბარია 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი სხვადასხვა საკითხის შესახებ. მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მის მიმართ მოპყრობის, ნინოწმინდის პანსიონის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სხვა საკითხების შესახებ.

კომენტარები