აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

მელია აშშ-ზე: 85-ვე გვერდი გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება. 

მისი თქმით, 85-გვერდიანი ანგარიშის თითოეული გვერდი ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას გვიჩვენებს. 

"თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს; თითოეული გვერდი ამ 85- დან გვაჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე".- ამბობს ნიკა მელია. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემებზე, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად.

შეჯამებაში ასევე ხაზგასმულია კონფიდენციალურობის უკანონო დარღვევის პრობლემა, ძალადობა და მუქარა ჟურნალების მიმართ, მშვიდობიანი დაჯგუფებებისა და გაერთიანებების შეზღუდული პატივისცემა, დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარას ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ქვიარ, ინტერსექს ადამიანებისა და აქტივისტების მიმართ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში რიგი დანაშაულების გამო დაუსჯელობა პრობლემად რჩება.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე საუბარია 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი სხვადასხვა საკითხის შესახებ. მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მის მიმართ მოპყრობის, ნინოწმინდის პანსიონის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

კომენტარები