აშშ-ს სახელმწიფოდეპარტამენტის ანგარიში 2021

2021-ში გაიზარდა LGBTQI+ პირებზე თავდასხმები, კულმინაცია 5 ივლისი იყო – სახელმწიფო დეპარტამენტი

ტაბულა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად წლის განმავლობაში გაიზარდა თავდასხმები LGBTQI+ პირებზე, ჰომოფობიური და ანტიდასავლური აქციების კულმინაცია კი 5 ივლისი იყო.

"წლის განმავლობაში გაიზარდა თავდასხმები LGBTQI+ პირებზე და მათთან ასოცირებულ ადამიანებზე, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებზე. თბილისი პრაიდის დროს ძალადობრივი პროტესტისა და არეულობის კულმინაცია 5 ივლისის ჰომოფობიური და ანტიდასავლური აქცია. 

გაიზარდა ინდივიდუალური თავდასხმებიც. მაგალითად, 30 აპრილს 17 წლის ტრანსგენდერ გოგოს თავს დაესხა ორი უცნობი პირი, რომლებმაც მას სცემეს, მობილური ტელეფონი გაუტეხეს და მის მიმართ ტრანსფობიური სიტყვები გამოიყენეს. 1 მაისს ამ დანაშაულისთვის ბრალი წაუყენეს 2 პირს, რომლებიც სასამართლომ შედარებით საკმაოდ დაბალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ძალადობრივი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. 7 ივლისს საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა. წლის ბოლოს მონაცემებით, სასამართლო გრძელდება". – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტის შეჯამებაში აღნიშნავს, რომ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის დაუსჯელობა მთავრობის მიერ ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლისსამართლებრივი დევნის აუღსრულებლობამ გამოიწვია.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ LGBTQI+ და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ სექსუალური უმცირესობების ნდობა სწორედ მთავრობის არაეფექტურმა ანტიდისკრიმინაციულმა პოლიტიკამ შეამცირა. ანგარიშში ხაზგასმულია საჯარო მოხელეების ჰომოფობიური განცხადებები და მათ მიერ LGBTQI+ საზოგადოების მიმართ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გაძლიერება. 

ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი ციტირებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი მსვლელობის დღეს თქვა, რომ მსვლელობა "მიუღებელია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის" და მისი ჩატარება "მიზანშეუწონლად" მიაჩნდა.

კომენტარები