აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021

კობახიძე აშშ-ზე: არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ თუ ვინმეს რომელიმე ინსტიტუტის კრიტიკა სურს, ამის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. 

"სასამართლოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები და არა ზოგადი განცხადებები. ყოველ ჯერზე ამას ვითხოვთ, თუმცა, სამწუხაროდ, არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში... თუ ვინმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, თუ ნებისმიერი სხვა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები".- ამბობს ირაკლი კობახიძე.  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემებზე, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად.

შეჯამებაში ასევე ხაზგასმულია კონფიდენციალურობის უკანონო დარღვევის პრობლემა, ძალადობა და მუქარა ჟურნალების მიმართ, მშვიდობიანი დაჯგუფებებისა და გაერთიანებების შეზღუდული პატივისცემა, დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარას ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ქვიარ, ინტერსექს ადამიანებისა და აქტივისტების მიმართ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში რიგი დანაშაულების გამო დაუსჯელობა პრობლემად რჩება.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე საუბარია 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი სხვადასხვა საკითხის შესახებ. მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მის მიმართ მოპყრობის, ნინოწმინდის პანსიონის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სხვა საკითხების შესახებ.

კომენტარები