საფრანგეთის არჩევნები

ლე პენი რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

მარინ ლე პენი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი, რომელიც 24 აპრილს მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, ამბობს, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუმცა არა ნავთობისა და გაზის სექტორში.

ლე პენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სურს საფრანგეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადოს გაზსა და ნავთობზე დაწესებული სანქციების შედეგები. საფრანგეთი, როგორც ევროპის ქვეყანათა დიდი ნაწილი, ძირითადად რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება. 

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ულტრამემარჯვენე კანდიდატ ლე პენს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან და მის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირების გამო.

მან 2014 წელს მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას. იმავე წელს მისმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო სესხი რუსეთისგან. 2017 წელს კი თავად ლე პენი ითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.

IFOP-ის წინასწარი გამოკითხვების შედეგად, მეორე ტურში მაკრონი 51%-ს, ხოლო ლე პენი 49%-ს მიიღებს.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობისა და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. ლე პენი ულტრამემარჯვენე კანდიდატად მიიჩნევა, რომელიც ანტიმიგრაციული გზავნილებით გამოირჩევა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს. 

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს.

კომენტარები