საფრანგეთის არჩევნები

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

REUTERS/Benoit Tessier

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. კენჭისყრის მეორე ტურში ერთმანეთს ცენტრისტი, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. 

საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა და დაიხურება საღამოს, 20:00-ზე. პირველადი ეგზიტპოლების შედეგები უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ბოლო დღეების გამოკითხვებში მაკრონს შედარებით მზარდი უპირატესობა აქვს, რადგან ანალიტიკოსების აზრით, ლე პენი - მიუხედავად მცდელობებისა, შეემსუბუქებინა თავისი პარტიის მკაცრი პოლიტიკა, ბევრისთვის არასასურველ კანდიდატად დარჩა. 

"მიუხედავად იმისა, რომ მაკრონს, კვირას, სავარაუდოდ მეორე ვადით აირჩევენ, ამომრჩეველთა დაახლოებით 13-15%-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. ამიტომ, სიურპრიზებისთვის ჯერ კიდევ არის ადგილი". - ამბობს საკონსულტაციო კომპანიის, Teneo-ს კვლევის დირექტორის მოადგილე, ანტონიო ბაროზო.

21 აპრილს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მეორე ტურში მაკრონი ხმების 55%, ხოლო ლე პენი 45%-ს დააგროვებს.

"ამჟამად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მაკრონის სასარგებლოდაა, მაგრამ, ჩვენი მონაცემებით, ამომრჩეველთა 25%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემენ ხმას, შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ ლე პენის "მოსაწყენ" გამარჯვებას. 

ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება როგორც საფრანგეთი, ასევე ევროკავშირი". - ვკითხულობთ Berenberg-ის ანალიტიკოსების კვლევით ჩანაწერში. 

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მაკრონმა ხმების 27.41% დააგროვა, ლე პენმა კი 24.03%.

კომენტარები