საფრანგეთის არჩევნები

საფრანგეთის პროკურატურაში მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

AP

საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, ევროკავშირის თაღლითობის საწინააღმდეგო სააგენტოს საჩივრის საფუძველზე, ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენისა და მისი პარტიის წევრების მიერ ევროკავშირის ფონდების შესაძლო მითვისების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

პარიზის პროკურატურამ დაადასტურა, რომ იკვლევს ანგარიშს, რომელიც ევროკავშირის თაღლითობის საწინააღმდეგო სააგენტო OLAF-ისგან 11 მარტს მიიღო.

საგამოძიებო მედია Mediapart წერს, რომ OLAF-ის საჩივრის მიხედვით, ლე პენმა გამოყოფილი €617 000-დან პარტიის წევრებთან ერთად €140 000 მიითვისა. ვარაუდობენ, რომ მითვისებული თანხა პარტიულ ხარჯებს, პერსონალსა და დაგეგმილ ღონისძიებებს მოხმარდა.

"ევროკავშირისა და ევროპული ინსტიტუტების (...) მცდელობების მიუხედავად, ჩაერიონ საპრეზიდენტო კამპანიაში და ზიანი მიაყენონ მარინ ლე პენს, ფრანგები არ მოტყუვდებიან". - ამბობს პარტიის წევრი, ჯორდან ბარდელა რადიო Europe 1-თან ინტერვიუში.

ბარდელას თქმით, პარტიამ ორი სამართლებრივი საჩივარი OLAF-ის წინააღმდეგ უკვე შეიტანა. 

ასევე, BFM TV-თან საუბრისას ლე პენის ადვოკატმა, როდოლტ ბოსელუტმა თქვა, რომ მისი კლიენტი ბრალდებას უარყოფს.

ლე პენის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება 2017 წლიდან მიმდინარეობს.

10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხმების 27.84% დააგროვა, ლე პენმა კი - 23.15%, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს 24 აპრილს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

კომენტარები