რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი ცდილობს, გადაამოწმოს ცნობა მარიუპოლში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

უკრაინელი სამხედრო, მარიუპოლი. 12 მარტი, 2022
AP Photo/Mstyslav Chernov

11 აპრილს აზოვის პოლკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედროებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რის გადამოწმებასა და დადასტურებას პენტაგონი ცდილობს

პენტაგონი ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებს.

ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს გაერთიანებული სამეფოც, როგორც ამას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი წერს

აზოვის პოლკის უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გაუშვეს და იერიში მიიტანეს ქარხანა აზოვსტალზე. აზოვის სამხედროების ცნობით, თავდასხმის შემდეგ იყვნენ დაზარალებულებიც, რომელთაც აწუხებდათ სუნთქვის უკმარისობა.

აზოვის პოლკის მეთაურმა, ანდრიი ბილეცკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ მარიუპოლში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ მათ ქალაქის აღება არ შეუძლიათ და მხოლოდ ბოლო გზად მხოლოდ აკრძალული იარაღის გამოყენება რჩებათ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ ახსენა რუსეთის მიერ აქ ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროება. ისინი აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი, ქიმიური იარაღის გამოყენებით, შესაძლოა, ამზადებდეს ოპერაციას ცრუ დროში ქვეშ, რასაც შემდეგში უკრაინას დააბრალებდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები