პაკისტანი

პაკისტანის პარლამენტმა პრემიერად ოპოზიციის ლიდერი, შეჰბაზ შარიფი აირჩია

შეჰბაზ შარიფი

პაკისტანის პარლამენტარებმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ოპოზიციის ლიდერი, შეჰბაზ შარიფი აირჩიეს. აქამდე, პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს და მას პოსტი დაატოვებინა. 

შეჰბაზ შარიფი, ყოფილი პრემიერმინისტრის, ნავაზ შარიფის უმცროსი ძმაა. ნავაზ შარიფს პრემიერის პოსტი სამჯერ ეკავა. 

შარიფი პრემიერის მოვალეობას 2023 წლის არჩევნებამდე შეასრულებს. 

პარტია პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზის ლიდერია. მისი მოწინააღმდეგე იყო იმრან ხანის პარტიის, პაკისტან ტეჰრიკ-ე-ინსაფის წევრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – შაჰ მაჰმუდ კურეში. თუმცა, სანამ ხმის მიცემა დაიწყებოდა, პაკისტან ტეჰრიკ-ე-ინსაფის ყველა დეპუტატმა, მათ შორის კურეშიმაც, პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა. შარიფმა 342 ადგილიდან 174 ხმა მიიღო. 

წინა დღეებში, ეკონომიკის გაუარესებისა და წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის ბრალდებით, პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობა დაატოვებინა. 

იმრან ხანი ამ პროცესებში აშშ-სა და პაკისტანის სამხედრო ელიტებს ადანაშაულებდა. 

კომენტარები