ე.წ. ქოლცენტრების საქმე

ფინანსთა მინისტრი: საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრშია შესული

ე.წ. ქოლცენტრების საქმეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამჟამად 46 ქოლცენტრშია შესული, სადაც შესაძლოა, არალეგალურ საქმიანობას ჰქონდეს ადგილი.

"ქვეყანაში ბევრი ქოლცენტრი მოქმედებს, რომელთა საქმიანობაც სრულიად ლეგალურია. ეს არის ქოლცენტრები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა საერთაშორისო დიდ კომპანიებს, მაგალითად ამაზონს. თუმცა, გარდა ამისა, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც შესაძლებელია არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ. ამ მიმართულებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრშია შესული, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ქოლცენტრებს საქმიანობა შეჩერებული აქვთ და სხვადასხვა მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები. გამოიკვეთა იმის საჭიროებაც, რომ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც იმისთვის, რომ მომავალში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია. აღნიშული ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება". - თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები