ე.წ. ქოლცენტრების საქმე

დუბაიში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ალბანელი ბიზნესმენი, ამანტ იოსიფი დააკავეს

ამანტ იოსიფი

6 სექტემბერს, დუბაის პოლიციამ ალბანელი ბიზნესმენი, ამანტ იოსიფი დააკავა. იოსიფს ესპანეთის პროკურატურა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით თაღლითობაში სდებდა ბრალს, მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

როგორც ალბანური მედია აღნიშნავს, 2022 წლის 8 და 9 ნოემბერს, ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სააგენტოსთან (Eurojust) და ევროკავშირის პოლიციასთან, Europol-თან თანამშრომლობით ალბანეთის ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა სტუქტურამ ალბანურ ქალაქებში მდებარე 6 Milton Group-თან კავშირში მყოფ ე.წ. ქოლ-ცენტრში ჩაატარა რეიდი და 4 ეჭვმიტანილი დააკავა.

გამოძიებამ ცხადყო, რომ ზემოხსენებულ ქოლ-ცენტრებს სამი კომპანია ფლობდა, რომლებიც ბიზნესმენ ამანტ იოსიფთან იყო დაკავშირებული.

ალბანური მედია აღნიშნავს, რომ ბიზნესმენი იმ სქემის ნაწილი იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ასობით ათას მოქალაქეს ჯამში 2.4 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა.

ამავდროულად, იოსიფის ერთ-ერთი ადვოკატი ესპანეთის სასამართლოში აღნიშნავდა, რომ იოსიფს ე.წ. ქოლ-ცენტრები როგორც ბიზნესმენს ისე ჰქონდა ნაქირავები და მან საერთოდ არ იცოდა რა ტიპის საქმიანობა მიმდინარეობდა ამ ოფისებში. მიუხედავად ამისა, იოსიფი ესპანური სასამართლოს წინაშე არ წარდგა და მისმა ადვოკატმა სასამართლოზე ვიდეოზარით ჩართვა მოითხოვა.

ესპანური მედიის ცნობით, იოსიფი დუბაიში ინტერპოლმა დააკავა, ამ ეტაპზე კი ის თავისუფალია და ესპანური სასამართლოს მხრიდან ექსტრადაციის მოთხოვნას ელოდება.

ამანტ იოსიფი 2018-2020 წლებში ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლტა ჯაჩკას პოლიტიკური მრჩეველი იყო.


12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს იყენებს. გამოძიების ბრალდებით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით "ბრალდებების უსამართლობა" დაამტკიცოს.

მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

კომენტარები