რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: ყოველი ცენტი, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან აგზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლია

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ რუსეთში გადარიცხული ფული იმ არმიას აფინანსებს, რომელიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდება. 

"ყოველი ევრო, ყოველი ცენტი, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან აგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს უკრაინაში დაღვრილი სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი." - ამბობს ვიტალი კლიჩკო. 

კიევის მერი ასევე შეეხო ბუჩაში რუსი ოკუპანტების ქმედებებსა და "უკრაინელთა გენოციდის" საკითხს. 

"მე ვნახე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის მოხუცი ქალი, მანქანა თეთრი დროშით, რომელსაც გარედან "ბავშვები" ეწერა. მანქანა შიგნით სისხლიანი იყო." - თქვა კლიჩკომ.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები