რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლელო 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს, ოცნებაში ამბობენ, რომ ეს პოპულიზმია

პარტია ლელო მოითხოვს, რომ 5 აპრილი ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით, გლოვის დღეს გამოცხადდეს. ამის შესახებ პარლამენტში პარტიის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ხვალიდნელი დღე, 5 აპრილი, გლოვის დღედ გამოცხადდეს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ყველა იმ სასტიკი დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა უკრაინაში, მათ შორის, რაც დაატრიალეს ბუჩაში. აუცილებელია, საქართველოს ხმა ამ მიმართულებით ისმოდეს ძალიან ხმამაღლა". – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მმართველ გუდნში ამბობენ, რომ "ომის ყოველი დღე გლოვის დღეა" და მათ პარლამენტში არაერთხელ მიაგეს პატივი უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით კი, 24 თებერვლიდან ყველა დღე გლოვის დღეა და ბუჩის ტრაგედიაზე აპელირება პოპულიზმია.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. ცხედრები საერთო მასიურ სასაფლაობში და ქუჩებში ნახეს.

მოლდოვამ 4 აპრილი ბუჩასი მომდარი ტრაგედიის გამო უკვე გამოაცხადა გლოვის დღედ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები