საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრი: საბოლოო მიზანია, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი

დავითაშვილი

"საბოლოო მიზანია, რომ საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, მათ შორის, ძირითადად, განახლებადი ელექტროენერგიის" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი ახალი ინიციატივების შესახებ.

"დრო არ უნდა დაიკარგოს, ძალიან დიდი დროა დაკარგული, სამწუხაროდ, გენერაცია ვერ ეწევა გაზრდილ მოხმარებას და ჩვენ ეს უნდა აღმოვფხვრათ"  - აღნიშნა დავითაშვილმა და ნამახვანჰესის შესახებ აღნიშნა, რომ "სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი".

"ეს, სამწუხაროდ არის გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ, მათ შორის, პრობლემაა კომუნიკაციის ნაკლებობა, მათ შორის ინვესტორის მხრიდან. ასევე გადამეტებული და უპასუხისმგებლო ქმედებები ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რომელმაც ნეგატიურად იმოქმედა პროექტის გაგრძელებაზე და რისკები შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით.

საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად, მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ამაზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, საჭიროა ქმედება" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში საჭიროა სახელმწიფოს მეტი მონაწილეობა.

"ენერგეტიკული პროექტები თავისი სპეფიციკიდან გამომდინარე საჭიროებს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას და ასეც იქნება. ეს იქნება ერთერთი კომპონენტი, ელენენტი იმ ახალი ინიციატივების, რომელზეც პრემიერი საუბრობდა" - თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

"მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში - იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე დავავალე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს, შევიმუშავებთ უახლოეს რამდენიმე დღეში საბოლოო მოდელს და წარვადგენთ, ვფიქრობ, მომავალ კვირაში უკვე მექნება საშუალება, რომ შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას" - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები