უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას. მისი თქმით, რუსებმა ოთხჯერ გაისროლეს პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულები. ამის შესახებ არესტოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. არესტოვიჩის თქმით, თავად ისიცაა "ჩამოსაშორებელთა" სიაში.
"თქვენი მონა-მორჩილი, სხვათა შორის, პირველ ხუთეულშია. ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. იმის გამო, რომ მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობს, პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, სადაც ვიდეოკავშირი მყარდება, ნიშნავს მოლაპარაკებებში საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას. მოლაპარაკების არქონა კი, სრულიად ცვლის სურათს". - თქვა არესტოვიჩმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





