რუსეთი-იაპონია

რუსეთი კურილის კუნძულებზე სამხედრო წვრთნებს ატარებს

Kimimasa Mayama, EPA

იაპონური მედიის ცნობით, რუსეთი იაპონიასთან სადავო კურილიის კუნძულებზე წვრთნებს ატარებს

რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის განცხადებით, 3 000-ზე მეტი ჯარიკაცითა და ასობით სამხედრო ტექნიკით, რუსეთი წვრთნებს კურილის კუნძულებზე ჩაატარებს. რუსეთის წვრთნები მოიცავს ამფიბიური ომის მოგერიებას, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავების განადგურებას და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ცეცხლის სისტემების ოპერირების გამოცდას.

22 მარტს რუსეთის ფედერაციამ, ტოკიოს მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გამო, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთ-იაპონიის ურთიერთქმედების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა" ეკისრება ტოკიოს, რომელმაც აირჩია "ანტირუსული კურსი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ნაცვლად".

რუსეთი იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემას წყვეტს, ტოვებს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებულ საუბრებს და ბლოკავს იაპონიის პარტნიორის სტატუსს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს სანქციები, რიგ ქვეყნებთან ერთად, ტოკიომაც დაუწესა.

ამას გარდა, 7 მარტს გამართულ მრჩეველთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის ფედერაციისა და იაპონიის სადავო ტერიტორიებს, კურილის კუნძულებს "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა, რაც მოსკოვის მიმართ ტოკიოს პოლიტიკის ცვლილებაა. 

იაპონელი პოლიტიკოსები ამ ტერმინის გამოყენებას 2018 წლის ნოემბრიდან ერიდებიან, მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინძო აბე იაპონია-რუსეთის სამიტზე დათანხმდა, დაეჩქარებინათ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საუბრები. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიშიდამ აქამდე გამოყენებული ტერმინი დააბრუნა.

კომენტარები