Tbilisi Open Air

TBILISI OPEN AIR ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

Facebook

ორწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air ბრუნდება. ინფორმაციას ფესტივალის ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

"2-წლიანი პაუზის შემდეგ ამ სიტყვების თქმა ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, მით უმეტეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგრამ Tbilisi Open Air ხომ არასდროს ყოფილა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი.

თავისუფლება - სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელებს - ამ არაჩვეულებრივ, მებრძოლ და მამაც ხალხს. 

უახლოეს დღეებში დავაანონსებთ Tbilisi Open Air 2022-ს. გვსურს, უკრაინელთა დახმარების უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ. სწორედ ამიტომ:

  • წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში.
  • შევქმნით სპეციალურ მერჩს უკრაინის თემატიკაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება იმავე ფონდში.
  • შევქმნით სპეციალურ პლატფორმას დონაციისთვის, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გაიღოთ თანხა უკრაინის დასახმარებლად.

დეტალებს ფესტივალის დაანონსებისთანავე გაგაცნობთ.

უკრაინა ამ დიდ ბოროტებასთან ბრძოლაში გაიმარჯვებს. თავისუფლება აუცილებლად იზეიმებს"! – წერია პოსტში.

Tbilisi Open Air პირველად 2009 წლის მაისში გაიმართა. ფესტივალი მას შემდეგ დაფუძნდა, რაც ევროვიზიამ ქართული სიმღერა We Don't Wanna Put In პოლიტიკური მესიჯის გამო დაბლოკა. მუსიკალური ფესტივალი 2011 წლიდან რეგულარულად ტარდება, 2020-2021 წლებში Open Air კორონავირუსის გამო ჩაიშალა. სხვადასხვა წლებში ფესტივალის მონაწილეები იყვნენ Franz Ferdinand, Subways, Deep Purple, Unkle, ტომ ოდელი, Archive, Air, Morcheeba, სტივ ვაი და სხვა მუსიკალური პროექტები.

კომენტარები