რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად აშშ და EU სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნიან

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსეს, რომლის მიზანი ევროპის რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება იქნება.

პანელი, რომელსაც სათავეში თეთრი სახლისა და ევროპული კომისიის წარმომადგენლები ჩაუდგებიან, მიზნად თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მიწოდების წყაროების ძიებას და ბუნებრივი აირის ზოგადი მოთხოვნის შემცირებას ისახავს.

თეთრ სახლში თქვეს, რომ აშშ იმუშავებს სხვა ქვეყნებთან ერთად, ევროპას მიაწოდოს მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრის თხევადი ბუნებრივი აირი 2022 წელს.

23 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, "რომ არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა. 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, რომ გაზისა და ნავთობის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვოს.

ფონ დერ ლეინი ამბობს, რომ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარად დარღვევა იქნება.

"ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა. არ დავუშვებთ, რომ ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლა მოხდეს. დრო, როდესაც ენერგეტიკა შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - ავრცელებს ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარს BBC.

რუსეთის მოთხოვნა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც უარყო. მისი მტკიცებით, ხელშეკრულება გადახდას ევროში ან აშშ დოლარში გულისხმობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
 

კომენტარები