რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: უკრაინაში ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო იყინება

​აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგი ეწურებათ, ზოგიერთი ჯარისკაცი კი ტემპერატურის შესაბამისი აღჭურვილების არქონის გამო იყინება.

ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რომელიც თითქმის 1 თვეა გრძელდება, ლოგისტიკური და მომარაგების პრობლემები კვლავ ხელს უშლის.

"მათი ჯარისკაცების ნაწილს პირადი ეკიპირების პრობლემებიც აქვთ. გვაქვს შესაბამისი ინდიკატორები, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინნენ". - ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსეთს სარდლობისა და კონტროლირების პრობლემებიც აქვს, რაც კომუნიკაციებს ართულებს და ლოგისტიკურ პრობლემებს ამწვავებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები