რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 115 ბავშვი გარდაიცვალა – უკრაინის პროკურატურა

Evgeniy Maloletka / AP Photos

ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 140-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 25-ე დღის მონაცემებით, რუსულ აგრესიას ყველაზე მეტი ბავშვის სიცოცხლე დედაქალაქ კიევში შეეწირა.

"19 მარტი რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად ლუგანსკის რაიონში რუბიჟნეში საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს. ისინი გულ-სისხლძარღვთა ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდნენ, ცდილობდნენ გადარჩენას, მაგრამ ამაოდ. ბავშვები ვერ გადარჩნენ". – წერია უწყების განცხადებაში.

ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 489 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები