რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინელ "ნაცისტებს" ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის მზადებაში ადანაშაულებს

უკრაინელი სამხედროები აირწინაღებით
AP/ეფრემ ლუკაცკი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინელების მიმართ მომდევნო ბრალდებას აყენებენ და ამბობენ, რომ ე.წ. "უკრაინელი ნაცისტები" აპირებენ "მორიგი პროვოკაციის მოწყობას" და ქიმიური იარაღის გამოყენებას, რისთვისაც ახლა ემზადებიან.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ბრალდებით, უკრაინელები ქიმიური იარაღის გამოყენებას ქალაქ სუმიში აპირებენ, თუ იქ საოკუპაციო ძალები შევლენ. 

"სუმიში, სუმიქიმპრომის ქიმიურ ქარხანაში ნაციონალისტებმა დანაღმეს ამიაკისა და ქლორის საცავები სუმის ოლქის მცხოვრებლების მასობრივი მოწამვლის მიზნით, თუ ქალაქში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები შევა". – ამბობს მიზინცევი. 

ამას გარდა, მიზინცევის ბრალდებით, "უკრაინული ნაციონალისტური დაჯგუფებები" ამზადებენ პროვოკაციას შხამქიმიქატების გამოყენებით. ასევე მისი ბრალდებით, ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერით ხდება. მისი თქმით, შემთხვევას "ნაცისტები" რუსეთის ფედერაციას დააბრალებენ. 

გასულ დღეებში როგორც აშშ, ისე დიდი ბრიტანეთი აქტიურად აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ამზადებდეს ოპერაციას ცრუ დროშის ქვეშ, ქიმიური იარაღის გამოყენებით, რასაც შემდეგში უკრაინულ მხარეს დააბრალებენ.

რუსეთის ფედერაციის პროპაგანდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას და საუბრობდა უკრაინაში აშშ-ს მიერ ბიო-ქიმიურ იარაღზე მუშაობაზე. მათი ბრალდებით, პენტაგონი უკრაინაში, ასევე საქართველოში, თბილისში მყოფ ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდა ბიოლოგიურ იარაღზე. 

რუსული პროპაგანდისტური ბრალდებების შემდეგ, თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ ბიოლოგიურ იარაღზე წამოწყებული დეზინფორმაციის ფონზე, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. ამავე საფრთხის შესახებ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმაც, ბორის ჯონსონმა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ "კრემლი სისტემატურად იგონებს ტყუილებს, რათა სხვა დაადანაშაულოს და თავისი საშინელი ქმედებები გაამართლოს". მისი თქმით, დიდი ალბათობით, რუსეთი გეგმავს ქიმიური იარაღის გამოყენებას, რათა ეს უკრაინას დააბრალოს და საკუთარი სამხედრო თავდასხმები გაამართლოს. 

"ვფიქრობთ, რუსეთი შემდეგ სცენარს ავითარებს: გეგმავს, გამოიყენოს ქიმიური იარაღი და დააბრალოს უკრაინას, რათა გაამართლოს თავდასხმათა ესკალაცია უკრაინელ ხალხზე. სამხედრო ძალის გამოსაყენებლად მოვლენათა გამოგონება და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა ის ტაქტიკაა, რაც მანამდეც გამოუყენებია რუსეთს, მათ შორის საქართველოში". – თქვა ბლინკენმა. 

აქამდე, 11 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ისინი დიდ საზღაურს გადაიხდიდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები