ვოლოდომირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, უკრაინულმა არმიამ გაანადგურა რუსების ერთ-ერთი არმიის სამეთაურო შტაბი, რაც მისივე თქმით, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მკვდარია მტრის რამდენიმე გენერალიც.
"ჩვენმა ჯარება გაანადგურეს რუსული ერთ-ერთი არმიის სამეთაურო შტაბი. ეს არის უდიდესი სამხედრო მიღწევა. შესაძლოა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოკლულია რამდენიმე გენერალიც და შესაბამისად, ეს გამოიწვევს მტრის სამხედრო ოპერაციის შეყოვნებასა და დეზორგანიზაციას", - თქვა არესტოვიჩმა უკრაინულ გადაცემაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს 17 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ომის დაწყებიდან 17 მარტამდე უკრაინულმა არიამ 14 000-ზე მეტი ოკუპანტი მოკლა, გაანადგურა: 444 ტანკი, 86 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 864 ავტომანქანა, 201 ქვემეხი, 3 გემი და კატერი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





