რუსეთი-საქართველო

დეგნანი: მანამ, სანამ რუსეთი გზის პროექტზე ისაუბრებს, საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მანა, სანამ რუსეთი გზის პროექტზე დაიწყებს საუბარს, საქართველოდან ჯარები უნდა გაიყვანოს. ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ჩეჩნეთი-საქართველოს სასაზღვრო გზაზე, რომელიც 15 მარტს ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს. 

"როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ამ პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო, 1970-იან ან 80-იან წლებში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში: მანამ, სანამ რუსეთი დაიწყებს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე საუბარს, მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის შეთანხმებით ეკისრება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

ვფიქრობ, რომ თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ, მათი ნებისმიერი განცხადებისა თუ პირობის, შეამოწმეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის ვალდებულებებს. მათ არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ". - თქვა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევმა და ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ჩეჩნეთიდან საქართველოსთან სასაზღვრო გადასასვლელის საჭიროებაზე ისაუბრეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები