სამირა ბაირამოვა

პაპუაშვილი ბაირამოვაზე: ყველა გამხდარა ამგვარი მუქარისა და ჰეითერული კამპანიის სამიზნე

საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე, შალვა პაპუაშვილი მარნეულელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მიმართ პუტინისტური დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრების მუქარას გამოეხმაურა და თქვა, რომ სოციალურ ქსელებში ასეთი "ჰეითერული კამპანიისა" და მუქარის სამიზნე ყველა გამხდარა.

ამავდროულად, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის პირადად იცნობს სამირა ბაირამოვას, მუქარა მისთვის მიუღებელია და სოლიდარობას უცხადებს.

"რა თქმა უნდა, მიუღებელია მუქარა [...] ყველანაირად სოლიდარობას ვუცხადებ სამირა ბაირამოვას. მას პირადად ვიცნობ კიდეც. როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მქონდა მასთან შეხვედრა. ყველანაირად ვუცხადებს გვერდში დგომას და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს საკითხი მალე გამოიძიონ.

ამავე დროს, როგორც ვიცი, სოციალური ქსელის მეშვეობით იყო ეს მუქარები გაჟღებული. ზოგადად, ის, რაც ხდება ქართულ სოციალურ ქსელში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. განსაკუთრებით ეს შეეხება ხოლმე აქტიურ ადამიანებს [...] ვინც კი არის საზოგადოებრივად აქტიური, ყველა გამხდარა ამგვარი მუქარისა და ჰეითერული კამპანიის სამიზნე, ამიტომ ესეც საკითხია, რომ ჩვენი საზოგადოება, ზოგადად, უნდა დაფიქრდეს ამაზე, რომ ის სიძულვილი, რაც სოციალურ ქსელში არის ხოლმე ხშირად, ეს რაიმენაირად უნდა შეიბოჭოს". – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

საუბარია 14 მარტს, მარნეულში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - კონსრვატიული მოძრაობის ოფისის გახსნაზე, რაც სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა.

ამას ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

ამავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

ამის პარალელურად, შსს-მ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა.

20 მარტს კი მარნეულში პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფორს წევრებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს საღებავი შეასხეს და ფასადზე სამირა ბაირამოვას მიმართ შეურაცხყოფელი წარწერები გააკეთეს.

ბაირამოვას უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და აცხადებს, რომ "სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს".

საიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ალტ-ინფოს მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

კომენტარები