ქართული ოცნება

ვოლსკი: კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელზე, პრემიერს კიევში ვიზიტს არ ვურჩევდი

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, საფრთხის გათვალისწინებით, ქვეყნის პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კიევში ვიზიტს არ ურჩევდა. ამის შესახებ დეპუტატმა პალიტრა ნიუსის ეთერში ისაუბრა. 

"პრემიერ-მინისტრმა რომ მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, აი, რა გითხრათ, "კალაშნიკოვის" ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი. როგორ შეიძლება?! კიდე მეტს ვლაპარაკობთ". - თქვა ვოლსკიმ. 

15 მარტს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ. მათთან ერთად უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის მმართველი პარტიის წევრი, იაროსლავ კაჩინსკიც იმყოფება. ვიზიტის მიზანი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის ჩვენებაა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს კიევში ვიზიტისკენ მოუწოდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები