პოლონეთის პრემიერი კიევში ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩამოდის. პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 17 მარტს მატეუშ მორავიეცკი ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, სადაც განიხილავენ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ასევე, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს.
პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მატეუშ მორავიეცკი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილავენ ეკონომიკური სანქციების გავლენას იმ ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას.
"პრემიერმინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას" - ნათქვამია პოლონეთის მთავრობის განცხადებაში.
გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრები ბათუმში პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნას დაესწრებიან.
მატეუშ მორავიეცკი ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრებთან, ასევე, პოლონეთის ვიცეპრემიერ იარლოსლავ კაჩინსკისთან ერთად, 15 მარტს კიევში ჩავიდა. ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში იწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მათ შორის, უკეტავენ საჰაერო სივრცეს. საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და საჰაერო სივრცესაც ღიას ტოვებს. სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო, საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.