რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

НТВ-ს წამყვანმა ტელევიზიის დატოვებაზე განცხადება რუსეთიდან წასვლის შემდეგ გააკეთა

НТВ-ს ტელეწამყვანმა, ლილია გილდეევმა რუსეთი დატოვა. ის რუსულ არხზე 2006 წლიდან მუშაობდა. 

ჟურნალისტმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც რუსეთი დატოვა. 

"ჯერ გავემგზავრე. მეშინოდა, რომ ასე უბრალოდ არ გამიშვებდნენ. შემდეგ დავწერე განცხადება". - ამბობს ტელეწამყვანი. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა მედიაზე ზეწოლა გააძლიერა. 

რუსეთმა 4 მარტს რადიო თავისუფლების და BBC-ის რუსული გამოცემების ვებგვერდებზე წვდომა შეაჩერა. მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელება დასახელდა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გაიზარდა წნეხი თავისუფალ მედიაზე.

რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები